შენ რომ ჩემი მეზობელი იყო

შენ რომ ჩემი მეზობელი იყო

შენ რომ ჩემი მეზობელი იყო, მზე დილით ფრო ადრე გამაღვიძებდა, ჩიტების ხმას მძაფრად როცა გავიგონებდი შენც დაგიძახებდი, თუ გესმის რა დღეში არიანთქო, ალბათ იტყოდი მესმისო, მერე ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა მშვენიერი დილა. შენ რომ ჩემი მეზობელი იყო ალბათ უფრო ბევრ მელოდიას მოვისმენდი აივანზე, რათქმაუნდა შენთან ერთად, შიგადაშიგ იმასაც ჩავრთავდი სმენისას, თუ რომელ მშვენიერებას მახსენებს კონკრეტული მელოდია, ალბათ შენც მეტყოდი რა დროს გახსენებს რომელიმე ლამაზი მუსიკა და იმასაც დაამატებდი, თუ რატომ გიყვარს ტრანსი. შენ რომ ჩემი მეზობელი იყო, ერთად მოვივლიდით დილით ჩვენი უბნის ყველაზე ხასხასა მწვანე ნაწილს, შევისუნთქავდით ბევრ მწვანე ჰაერს და დიდხანს ვისაუბრებდით, თუ რამდენად გვაკლია მე და შენ, და ზოგადად ქალაქში მყოფ ადამიანებს სიმწვანის შეგრძნება, მერე ალბათ იმასაც გავიხსენებდით, თუ რამდენად გვიყვარდა ორივეს ბუნება ღრმა ბავშვობაში და რომ დღესაც გვახსოვს იმ დროიდან გამოყოლილი ტოტების, ფოთლებისა და მიწის სუნი. შენ რომ ჩემი მეზობელი იყო ყოველ მთვარიან საღამოს გკითხავდი ჩაი ხომ არ გინდა და სიხარულით დავსკუპდებოდი ჩემს აივანზე ორი ფინჯანი ცხელი ჩაით შენს მოლოდინში. შენ რომ ჩემი მეზობელი იყო უფრო მეტს დაგტუქსავდი იმისათვის, რომ წიგნების კითხვისათვის არ გცალია, მერე შენც თავს დახრიდი და იტყოდი, ჩემი ბრალი არაა რომ დრო არ მაქვსო.შენ რომ ჩემი მეზობელი იყო აუცილებლად გამოვნახავდით დღეში რამდენიმე საათს ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებებზე სასაუბროდ. ალბათ ვიდავებდით კიდეც და ბევრი მჭერმეტყველების შემდეგ ვიტყოდით, რა კარგია მეზობლები რომ ვართ, თორემ აბა ისე როგორ გამოვნახავდით ამდენ დროს სასაუბროდო. ეჭვგარეშე გავიზიარებდით ერთმანეთის ლხინსა და ჭირს ზუსტად ისე, როგორც ჭეშმარიტი მეგობარი მეზობლები შვებიან ამას. ხშირად შეგაწუხებდი წვრილმანი პრობლემების გადასაჭრელად და შენც ასე უანგაროდ გასცემდი დახმარბებებს, რომლებისთვისაც მადლობების გადახდას დამიშლიდი. შენ რომ ჩემი მეზობელი იყო ჩემი სამეზობლო უფრო გაკეთილშობილდებოდა. ძალა ერთობაშაო ნათქვამია, ხოდა მე და ჩემი მეზობელი-შენ გავილაშქრებდით ჩვენი უკუღმართი სამეზობლოს მობრუნებისათვის. ბრძოლა უფრო ადვილია, როცა მოკავშირე გყავს. ალბათ უფრო მეტ პოსტერს გავაკრავდით ლიფტში და მანამ ვიბრძოლებდით, სანამ არ მივაღწევდით მიზანს. ასეა ეს, როცა ორი ჯიუტი ადამიანი ერთ მიზანს ისახავს, რთულია მათი დამარცხება. გაგრძელდებოდა ცხოვრება უფრო მშვენიერად, მეგობრისა და კარგი მეზობლის გამო. გაგრძელდებოდა მთელი სია იმ კეთილშობილებებისა, რასაც მე და შენ ერთად გავაკეთებდით, შენ რომ ჩემი მეზობელი იყო.

ნატალი

ჩემი ნათლულის უფროს დას ნატალი ქვია. ის 6 წლისაა, პირველკლასელი, დიდრონი ცისფერი თვალებითა და მათ სიღრმეში ჩამალული ინტერესით სავსე ეშმაკუნა ხასიათით. იუიუს მეძახის. არ ვიცი რატომ. 1 წლის იყო პირველად რომ დამინახა და მაშინვე იუიუ შემარქვა, ფაქტიურად მომნათლა, მისი მთელი ოჯახი დიდან-პატარიანად იუიუს მეძახის. ჩვენ ვმეგობრობთ, გარკვეულ დროს ვატარებთ ხოლმე ერთად. ასე იყო რამდენიმე დღის წინაც, როცა მე და ის ერთად წავედით სკვერში. სკვერი ჩუმია, ხმაურისაგან თავისუფალი, რაღაცნაირად მყუდრო და ლამაზი. საკვირველია მისი სიჩუმე, რადგან იქ არაერთი საქანელა, სასრიალო თუ სხვა ბავშვთა გასართობი საშუალებაა. ასეა თუ ისე, სკვერი თითქმის ყოველთვის ცარიელია. ნატალიმ პირველად საქანელაზე დაჯდომა გადაწყვიტა და შეასრულა კიდეც ჩანაფიქრი. მთხოვა, მომაწექი რომ ვიკატავო და თუ შეგიძლია არ გახვიდე, აქ იყავი და ხელი არ გამიშვაო. გამიკვირდა, მის ასაკში მე უკვე ჩემით ვკატაობდი საქანელაზე. ვკითხე და შევიტყვე, რომ ნატალიმ არ იცოდა მუხლის მოხრისა და გაშლის პრინციპი, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებლად რწევას და საქანელით მაღლა და მაღლა ქანაობას. ავუხსენი. ისწავლა და პრაქტიკაშიც მალევე დანერგა შესწავლილი თეორიული მასალა.

მაინც არ გავეცალე, გვერდით ვიჯექი ბალახზე და ვუცქერდი მის ონავარობას, სიხარულს, რომელიც დამოუკიდებლად შესრულებულმა ქმედებებმა გამოიწვია. ის გრძნობდა, და მეც მაგრძნობინებდა რომ დიდია და გონიერი. მისი თვალები ცისკენ იმზირებოდა და მე ისინი უფრო ღრმა მეჩვენა. რაღაცნაირად უჩვეულოდ ჩუმდად იყო და ფიქრობდა. მეც ჩავფიქრდი. დღე მზიანი იყო და საკმაოდ თბილი, არსად გვეჩქარებოდა.

-იუიუ, შენ საქანელაზე კატაობა დედამ გასწავლა?-მკითხა ნატალიმ

-კი. მივუგე მე

პატარა ვიყავი, ალბათ ნატალის ასაკზე ნაკლების, როდესაც დედამ სოფელში ამიხსნა როგორ შეიძლებოდა დამოუკიდებლად მერწია ცაცხვის ხეზე ჩამოკიდებული საქანელა და ემოციებიც კი მახსოვს, თუ როგორ გამიხარდა მაშინ. ვგრძნობდი, რომ დედა ბრძენია, დედამ იცის, დედამ ყველაფერი იცის, დედა ძლიერია და სიყვარული იცის. დედას მე ვუყვარვარ და მეც მიყვარს ის.

წლები გავიდა იმ დღის შემდეგ. გავიზარდე, დიდი გავხდი და ჩემი პირადი პრობლემებით დავკავდი. ვმუშაობდი, ვსწავლობდი, ვმეგობრობდი და დროს ვატარებდი. სახლიდან დილას უთენია გავდიოდი და გვიან ღამით ვბრუნდებოდი. ჩემს მშობლებს ან ეძინათ, ან დასაძინებლად წვებოდნენ. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა და მიედინებოდა ცხოვრება ასე, რითმულად, დალაგებულად. ერთადერთი პრობლემა მხოლოდ უოჯახობა იყო ოჯახში. დიახ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ცალ-ცალკე. დედას ძლივს თუ ვეტყოდი ერთ სიტყვას, ისიც ნაძალადევად, დაღლილობისგან მხოლოდ ძილზე თუ მეფიქრებოდა და სხვა არაფერზე. დედა ჩემს ყოველდღიურობას გმირულად იტანდა და ერთ სიტყვასაც არ ამბობდა სასაყვედუროს. ასე გავიდა წლები, სრულიად შეუმჩნევლად, მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყველა საათის ისარი არ გაჩერდა რამდენიმე წამით…

მეტროთი ვმგზავრობდი. როგორც ყოველთვის, დაღლილი ვბრუნდებოდი შინ და იმდენად მეძინებოდა, დაღლილობასაც კი ვერ ვგრძნობდი ხალხით გავსებულ ვაგონში ფეხზე მდგომი. ისე მოხდა, რომ თავზე ვედექი მჯდომ დედა-შვილს. პატარა გოგონა და საშუალო ასაკის ქალი იყვნენ. მე- ნახევრად მძინარეს, თვალები დახუჭული მქონდა და რითმულად მივაყოლებდი ჩემს სხეულს მატარებლის რახარუხს. წამიერად მომესმა სიტყვები, რომლებმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა: ”დედიკო, ძალიან მიყვარხარ!” წამში მოვეგე გონს, გავახილე თვალები და ვცქვიტე ყურები. პაწია, სიფრიფანა ბავშვმა შეძლო ეთქვა დედასთვის მიყვარხარო, არ ვიცი რატომ. მე ხომ მათ არ ვუსმენდი და არც ის გამიგონია, რა იყო წინაპირობა გამხელილი სიყვარულის, იქნებ სულაც უპირობიდ ითქვა ეს სიტყვები. ეს მაშინ, როცა მე, მასზე მინიმუმ სამჯერ უფროს ზრდასრულს ეს სიტყვა დედასთვის არც მახსოვდა ოდესმე თუ მქონდა ნათქვამი. მთლიანად გავფართოვდი და იატაკქვეშ ჩავღრმავდი, ვერ ვიგრძენი ვერც დაღლილობა, ვერც სტრესი, ვერც ვერანაირი სხვა ემოცია გარდა სინანულისა. ბავშვს გავუღიმე და მადლობა გადავუხადე. გაშტერებული, დიდი თვალებით შემომცქეროდა დედაც და შვილიც. ცხადია, ვერ მიხვდნენ რატომ გადაუხადა მათ თავზე მძინარე გოგონამ მადლობა, ჩემს გაჩერებაზე ვაგონის კარი ნახევრადაც არ იყო ღია გიჟივით რომ გამოვვარდი და სირბილით წავედი სახლში. დედას არც მივსალმებივარ, ისე ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ მიყვარს.

ნატალი ისევ კატაობდა. სანამ მე ფიქრებში წავედი და უკან დავბრუნდი, მას უკვე მოეხერხებინა მოძრაობების დახვეწა და შედეგიც მშვენიერი ჰქონდა. ჟივილ-ხივილით იწეოდა მაღლა და მერე დაბლა, მერე ისევ უფრო მაღლა და ისევ დაბლა… ცისფერი თვალები ისევ ლამაზად უელავდა. მე ვუმზერდი და მიხაროდა, ახლა მას მე ვემახსოვრები და როცა შვილს, ან სხვა რომელიმე პატარას ასწავლის საქანელაზე დამოუკიდებლად ქანაობას სულ ჩემი სახე ედგება თვალწინ.

-იუიუ, მე მყავს მეგობარი, რომელსაც არ ეშინია სიმაღლის და იმხელაზე კატაობს საქანელაზე, იმხელაზე, რომ გეგონება ღრუბლებში აფრინდებაო! იუიუ, ჩემი მეგობარი ისე მღლა დაფრინავს, შენც შეგიძლია ფრენა?- შემომანათა გაფართოებული თვალები და პასუხს დაელოდა.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ერთ მოხუცს ვეხმარები. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ერთსა და იმავე ადგილზე დგას, მამაკაცი, ჭაღარა, წელში მოხრილი, მოკუნტული, აბუზული ბეღურასავით. რომ შემოგხედოს თავი სასწაული ძალდატანებით უნდა გაამოძრავოს ჯერ გვერდით, მერე მაღლა, ის ხომ კისრით ლამის  მიწას ეხება ხერხემლის მოხრილობის გამო. პირველად რომ შევნიშნე, ციოდა. შორიდან დავლანდე რკალი, მერე ეს რკალი სილუეტად გადაიქცა, მერე კი ადამიანის გამოსახულება ამოვიცანი, რომ მივუახლოვდი ნამდვილად ადამიანი შევიცანი- მოხუცი, გაძვალტყავებული კაცი. პირიდან ორთქლს უშვებდა და მუშტებს იღერებდა, თითქოს ცხოვრებას ემუქრება, ეს რა მიქენი, დამაცადე, მე შენ გიჩვენებ სეირსო! მაშინვე ვიგრძენი, რომ მე ამ მოხუცს მივეჯაჭვე, მისი მფარველი ანგელოზის ფრთის ბუმბულზე არსებული მტვრის უჯრედად წარმოვიდგინე თავი და მისი დახმარება მიზნად დავისახე. მას შემდეგ არცერთი მათხოვრისათვის ფული არ მიმიცია(გარდა უკიდურესად გაჭირვებულისა). მთელ ჩემს საქველმოქმედო დანაზოგს, რომელიც ვერასდროს დაიტრაბახებდა მიმზიდველი რაოდენობით, მას ვაძლევდი. ასე გავიდა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და დადგა ზამთარი. გამზირზე მოვხვდი და შევნიშნე ჩვეული ბერიკაცი, პალტო ჩაეცვა, ქუდი ჩამოეფხატა და ისევ ისე გაჭირვებით იდგა ყინვაში. გვერდით ჩავლისას ხურდა ჩავუყარე ხელში და ზემოდან რომ დავხედე მის მოხრილ სხეულს,შევნიშნე, რომ შარფი არ ეკეთა და კისერი ყინვისგან სულ გაწითლებოდა. ალბათ ეწვოდა, ან ტკიოდა. იქნებ ეს ტკივილი ძვლებამდე აღწევდა ან მხოლოდ რბილობში იკარგებოდა და უსასრულოდ ვრცელდებოდა მისი პატარა ტანის მასშტაბით. ვინ იცის… მე თბილი შავი შარფი მეკეთა და ერთი გაფიქრება გავიფიქრე, მოვიხსნი და მას გავუკეთებ ჩემს შარფსთქო, მაგრამ მე ეს ვერ შევძელი. ხელი ვერ გავამოძრავე, რომ შემეხსნა ჩემს კისერზე ჩაძინებული ეს ზარმაცი შარფი და მომეხვია მის გაყინულ კისერზე. ფული ჩავუყარე ხელში და გზა განვაგრძე. მას შემდეგ კიდევ 2 ზამთარი დადგა, ორივე ზამთარში ვიხილე ის არაერთხელ. ვერცერთჯერ შევძელი გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ასე ძლიერ მსურდა. ეს არ იყო არც გულგრილობის, არც სიძუნწის, არც სიხარბის, არც მომჭირნეობის ბრალი. ეს სხვა, სრულიად სხვა ადამიანური სისუსტის ბრალი იყო.

-არა ნატალი, მე ვერ დავფრინავ. მივუგე ნატალის და ისევ ცას შევაცქერდი.

 

12631400_1551835308476257_5374005536858938379_n

 

 

ძველით ახალ წელს

ჩემს ოჯახში, რომელიც მხოლოდ სამი წევრისაგან შედგება(დედა, მამა და მე) რატომღაც არც ისე ძალიან გვიყვარს ახალი წელი. ისე ხდება ხოლმე, რომ დედა და მამა 31 დეკემბერს რომელიმე ნათესავთან, მეგობართან, ან თუნდაც შინ, ოღონდ მარტო ხვდება, ხოლო მე-სახლიდან შორს:  სხვა ქვეყანაში, ან თბილისში, მხოლოდ-არა სახლში. არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ მეც არ მიყვარს დიდად ეს 31 დეკემბრის ალიაქოთი და ზედმეტად აფიშირებული თავაშვებულობა, რომელიც სურვილებიდან იწყება და მსუბუქი ჯიბეების გავლით რესტორნებსა თუ დახვავებული კერძებით გაფერადებულ სუფრაზე მთავრდება. არის რაღაც, რასაც ვერც სავსე სუფრაზე ნახავ ამ დროს და ვერც მაღალი მუსიკითა და გაღიმებული ხალხის გარემოცვაში-რომელიმე დაწესებულებაში. ეს რაღაც-მაგიაა, რომელიც არადა არ გვსტუმრობს ამ დღეს. მოკლედ, მე და ჩემს ოჯახს დიდად არ გვხიბლავს იდეა, შევეგებოთ ახალ წელს 31 დეკემბერს. გვიყვარს ძველი წესები, რაღაცნაირი განცდები, რომლებიც ასოცირდება წარსულისმიერ მოგონებებთან. შესაბამისად, ახალი წელი ჩვენს ოჯახში 14 იანვარს მოდის.

ამ წლის 14 იანვარსაც, ისევე როგორც წინა წლებში, შევიქმენით სათანადო განწყობა, გავერთიანდით ერთი მხიარულების ქვეშ და გავიზიარეთ ერთმანეთის ბავშვური განწყობები. წელს ახალი წელი სხვანაირი იყო. დედა უფრო ფორიაქობდა, ზედმეტად მხიარულად მეჩვენებოდა მისი შეძახილები, დროზე დავამთავრო ცხობა თორემ მოვიდა 12 საათი და მე ისევ სამზარეულოში მომიწევს შეხვედრაო. მამაც ბავშვური მეჩვენა, უცნაურად კუნტრუშებდა 63 წლის კაცი. სახე უბრწყინავდა იმ ბავშვივით, რომელიც უფროსებისგან ტკბილეულს მოელის და ბედნიერებით ცქმუტავს. სახლის ცარიელ კუთხეებს ხალხური მელოდიების ტკბილი ჰანგები ავსებდა და სასწაულებრივად ლამაზ გარემოს კიდევ უფრო ალამაზებდა სითბო, რომელიც განათებული ნაძვისხიდან მოდიოდა. ის თითქოს დამაგვირგვინებელი ფეიერვერკი იყო ჩვენს სახლში.

მე 23 წლის ვარ და არ ვარ მამაჩემზე მხიარული. ისე აღმოჩნდა, რომ მამამ სადღაციდან მაშხალა მოიტანა და სტარტზე დადგა, აქაოდა 12 საათს რომ ჩამოკრავს ისარი მეც შევუერთდე საყოველთაო, თუმცა არც ისე საერთო საახალწლო ხმაურსო და ხელში ასანთ-მომარჯვებული დადგა აივანზე. სასაცილო სანახავი იყო, ზედმეტად საყვარელი თავისი ასაკისათვის. ჩამოჰკრა ნანატრმა 12-მა საათმაც და მამაც მიეგება თავისი ფეიერვერკით. მამას დედაც მიეშველა და ორივემ ერთად შექმნეს ჯადოსნური მთლიანობა, რომელსაც მხიარულების ფერი ჰქონდა და დიდი სითბოთი და გულწრფელობით იწონებდა თავს. მე ვიდექი ოთახში და ფანჯრის მიღმიდან ვუცქერდი ამ ჯადოსნობას. მე ბედნიერი ვიყავი მათი ბედნიერებით.

როცა დედამ და მამამ 12 საათის ცუღლუტობა დაამთავრეს, ხალხს ფეიერვერკების სროლა ჯერ არ დაესრულებინათ(ვინ იცის, იქნებ მამამ ადრეც კი დაიწყო მხიარულება, ის ხომ ძალიან მოუთმენელია).  სასადილო ოთახში გამოვედით სუფრასთან დასასხდომად, როცა უეცრად ყური მოვკარი ბავშვის განწირულ ყვირილს. გულმა თითქოს წამით შეწყვიტა ფეთქვა, უცებ ვერ გავერკვიე ეს რა ხმა იყო და რა მიზეზით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული. ადამიანის გონება ხომ უმრავლესად ცუდზე ფიქრობს, ხოდა მეც წამიერად უამრავი სიტუაცია დავიხატე გონებაში. იქნებ დაეცა ბავშვი, ან იქნებ ვიღაცის მიერ გასროლილი მაშხალა მოხვდა, ან რა ვიცი კიდევ რა…

აივანზე გავვარდი და ამ ფეიერვერკების გრუხუნსა და ქუჩის ბნელ მხარეში დავიწყე ყურება, იქნებ რამენაირად დამენახა რა მოხდა და რითიმე ხომ არ შემეძლო დახმარება. ხმა ხომ სწორედ იქიდან მოდიოდა. აივანზე შევნიშნე, რომ ხმა კიარა ხმები ისმოდა. არაერთი ბავშვის. სრულიად უწონასწორო, არითმიული, არასინქრონული, ყველანაირ ლოგიკას მოკლებული უშინაარსო ხმები. შევშინდი. შევეცადე უფრო მკაფიოდ დამენახა იმ წყეულ სიბნელეში მიმდინარე მოვლენები. ისინი ხომ ზუსტად თავიანთი სახლის წინ იდგნენ, იქ ალბათ მათი მშობლებიც უნდა ყოფილიყვნენ. სად იყო ამ დროს მშობელი დედა? რას აკეთებდა მამა? მათი ავი ძაღლიც კი დადუმებულიყო.

მე, ისედაც სუსტი მხედველობის მქონე, მაქსიმალურად შევეცადე გამერჩია ჩრდილებისაგან სილუეტები, შემდეგ კი სილუეტებისაგან-გამოსახულებები. მე ეს შევძელი მათი გულისთვის და რას ვხედავ! ღარიბი, ნახევრად ჩამონგრეული კედლების მქონე სახლის ეზოში რამდენიმე ბავშვს მოუყრია თავი. ისინი და-ძმანი არიან და მე ეს ნამდვილად ვიცი. მერე რა, რომ მე მათი ახალი მეზობელი ვარ, უკვე შევნიშნე მათი ღარიბული ოჯახის ყოფა და ყოველდღიურობა. შევხედე მათ და მე ჩავქრი. მაშინვე გაიყინა ჩემში ყველა ის სითბო, რაც მებადა. გაქრა ის მაგიაც, რაც ჩემმავე ოჯახმა მაჩუქა რამდენიმე წუთის წინ. მე წამით შემზიზღდა ჩემთვის ასე საყვარელი ახალი წელი. ვინანე. დავმწუხრდი.

არსებობს ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაშხალები, შუშხუნები, ფეიერვერკები, აქვთ სუფრა, სავსე ათასნაირი კერძით,  ტკბილეულობებითა და ვინ იცის, კიდევ რით… და არსებობს ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი ზემოთ ნახსენები ”სიმდიდრე”, მაგრამ აქვთ სინათლე თვალებში, სითბოთი აქვთ სავსე გულები და სულაც არ განიცდიან სიძულვილს სამყაროსადმი, რათა მათ პაწია ხელებს არ ამშვენებს ბავშვისთვის ამრიგად სანატრელი მაშხალები(რომლებიც ცხოვრებას 63 წლის მამაჩემსაც კი ულამაზებს, არათუ ბავშვებს). მათ არც ფეიერვერკი აქვთ, რომ გაუშვან მაღლა ცაში და დაიტკბონ ციმციმა თვალები ფერების მხიარული ონავარობით. არც დედა აჩქარებთ სახლში შემოდით, სუფრა გაშლილია და თქვენ გელითო. ვერ დააჩქარებს, სუფრა არ აქვთ. მათი ხელები სრულიად ცარიელია, მაგრამ არა მათი პიროვნებები. ისინი დგანან, შესცქერიან საყოველთაო მხიარულებას და უერთდებიან კიდეც მას. როგორ? ხმაურით! ყვირიან, იმიტირებენ მაშხალების ხმებს და ხმაურს იწვევენ სხვადასხვა საგნების ერთმანეთზე ჯახუნით!

მე ვუმზერ მათ და გული სიბრალულით მევსება, ოღონდ რათქმაუნდა არა მათდამი. მათ რა სჭირთ შესაბრალები. საბრალო მხოლოდ მე ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, მე-მათზე მინიმუმ ორჯერ უფროსი ადამიანი ვერ ვიქნებოდი მათსავით კეთილი იმავე მდგომარეობაში. მე ნამდვილად შემზიზღდებოდა სამყარო, ვერ ავიტანდი საკუთარ სიცოცხლეს და უთუოდ გული ამერეოდა ყველა იმ ბავშვისა და მშობლის სახის დანახვაზე, რომლებიც იმ წამს მხიარულებას ფეიერვერკებითა და მაშხალებით გამოხატავდნენ. შემზიზღდებოდა ჩემი ქუჩაც, რადგან ის გაჯერებული იქნებოდა სხვა ბავშვების სახლებიდან გამომავალი გოზინაყის სურნელით.

დამთავრდა მხიარულება, მიწყნარდა ხმაური. შევიდა ხალხი სახლებში. დარჩნენ მხოლოდ ჩემ წინ მყოფი ბავშვები. მათ არსად ეჩქარებოდათ. მოგვიანებით ისინიც შელაგდნენ უკვე კარგა ხნის შუქ-ჩამქრალ, ჩაბნელებულ სახლში და ალბათ შეუერთდნენ მშობლებს ძილში.

მე ჩემს განათებულ სახლში შემოვედი და ჩავფიქრდი.

 

Capture

 

,

იმ საღამოს

მე მერვე სართულზე ვცხოვრობ, კორპუსში, ის პირველ სართულზე-კერძო სახლში. პირველ სართულზე რა, მისი სახლი ხომ სულ ერთ სართულიანია, ნახევრად ჩამოშლილი კედლებითა და დანგრეული სახურავით. მე 23 წლის ვარ, ის ალბათ 10-ის იქნება, ან იქნებ ოდნავ პატარაც. მე გოგო ვარ, ის-ბიჭი. ლამაზია თუ არა ვერ ვიტყვი, მისი სახე ახლოს არასდროს მინახავს. მე ის მხოლოდ ერთელ ვნახე და ისიც მერვე სართულიდან, ჩემი კორპუსიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით. ყველაფერი ასე დაიწყო:

იმ საღამოს, მთელი დღის დაღლილ-დაქანცული ვცდილობდი მეპოვა შვება. წიგნს მოვკიდე ხელი, ყავა დავლიე, მერე ჩაი, მერე ტელევიზორს ვუყურე და ჩემს შინაურ ცხოველსაც გულითადად მოვეფერე, მაგრამ არა და არა! ვერას გზით ვპოვე სიმშვიდე. მივედი ჩემს გაყინულ ფანჯარასთან და ისევ გამოცდილ მეთოდს მივმართე: ხედით ტკბობა და სიმწვანის შეგრძნება ჩემთვის უებარი წამალია. ბევრი ვიცქირე ფანჯრიდან-ცივ მინაზე შუბლმიკრული. მინდოდა სიცივე შემეგრძნო, ცივი სიცივე. ჩემი თვალთახედვის არეში იშლებოდა იდეალური სილამაზე: ნაძვნარი, ნაცრისფერი ცა, მასში ჩამდნარი წითელი, ჩამავალი მზე და ონავარი ჩიტების ღრიანცელი. არ მახსოვს რამდენხანს ვიყავი ფანჯარაზე შუბლმიკრული. მახსოვს ის, რომ მერე მომინდა მუსიკის მოსმენა. არსებობს მშვენიერი მელოდიები, რომლებსაც შეუძლიათ აგვწიონ მიწიდან მაღლა, კიდევ უფრო მაღლა და მერე ნაზი მოძრაობით მოგვისროლონ იდეალურ სამყაროში. სწორედ ასეთი მელოდიის მოსმენა განვიზრახე და შევასრულე კიდეც ჩემი განზრახვა. ავირჩიე მშვენიერება და მისი დაწყების პირველივე წამებიდან თავი ბედნიერად ვიგრძენი. ამ ბედნიერებაში, ჩემდა გაუცნობიერებლად იმდენად ჩავიკარგე, რომ დავიწყე სხეულის მთელი მობილიზებით მოძრაობა, ისე, როგორც ზღვის ნაზ ტალღებში მოძრაობს ადამიანი, ან ისე, როგორც თბილ, მოალერსე სიოში ფრენისას არხევს სხეულს პატარა ბეღურა. ხელებით ვცდილობდი გადმომეცა მელოდიის სიმშვიდე და მნიშვნელობა, თითქოს ყრუს ვუხსნიდი მის შინაარსს თავისსავე სხეულის ენაზე. არ ვიცი რამდენად საინტერესო სანახავი ვიყავი იმ მომენტში, საერთოდ არაფერი ვიცი იმ წამებზე გარდა იმისა, რომ ჩემი სხეული, ისევე როგორც ჩემი სული, მთლიანად ჩაეფლო მშვენიერების განცდაში. ვიღიმოდი, თვალები დახუჭული მქონდა.

დადგა წამი, როცა თვალები ერთი წამით გავახილე და დავინახე საოცება! ჩემი ფანჯრის წინ, 8 სართულით დაბლა, კორპუსიდან 50 მეტრის მოშორებით მდგარი სახლის ეზოში, პატარა ხის სკამზე პაწია ბიჭუნა წამოსკუპებულიყო, ხელში დოლი ეჭირა და უკრავდა. უკრავდა არა ისე, როგორც დოლზე დაკვრას შეეფერება-ენერგიულად, აგრესიულად. არა, მისი რითმები ზუსტად ჩემი მელოდიის ნაზ რითმებს ემთხვეოდა. ჩემი მელოდიის რომელიღაცა დიდი კომპოზიტორის შემოქმედ თითებს ჩემ წინ მყოფი ბიჭუნას პაწია თითები ჩასჭიდებოდა თითქოს, და ისინი ერთად ქმნიდნენ სრულყოფილებას ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი მას, მე არ გავჩერდი, ისევ გავაგრდძელე სხეულის ენით მუსიკის გადმოცემა ნელი, არამკვეთრი მოძრაობებით და მანაც, პაწია ბიჭუნამაც, სრული გამბედაობითა და ხელოვანის შემართებით, ჩემზე მოშტერებული დიდრონი თვალებით განაგრძო დაკვრა. არც მას ესმოდა ჩემი სახლიდან გასული ჰანგები, არც ჩემს სახლში აღწევდა საკმაოდ მოშორებით ათამაშებული მისი დაკრული მელოდია, თუმცა ჩვენ ერთმანეთის გვესმოდა. ასე გაგრძელდა ნახევარ წუთს, სანამ ჩემს სახლში სიჩუმე არ ჩამოვარდა-კომპოზიციის დასრულების მაუწყებელი. ასე დაასრულა მანაც დაკვრა, მიიბრუნა ზურგი და თავის და-ძმებთან ერთად განაგრძო ბავშვური მხიარულება სახალისო, რითმული ჟღერადობებით თავის დოლზე. მე შემოვბრუნდი და გავიღიმე.

იმ საღამოს მუსიკა აღარ მომისმენია.

 

gory-nebo-zakat-ptica-peyzazh